ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონმა დღეს ბოდიში მოიხადა 2020 წლის მაისში დაუნინგის ქუჩაზე, პრემიერმინისტრის სახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე დასწრებისთვის მაშინ, როცა ბრიტანელებს კორონავირუსის შეზღუდვების გამო შეკრება ეკრძალებოდათ.
ჯონსონმა ამ თემაზე კომენტარი რამდენიმე დღიანი კრიტიკის შემდეგ გააკეთა. ორშაბათს ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონსონის პირადმა მდივანმა, მარტინ რეინოლდსმა დაუნინგის ქუჩის 10 ნომერში სოციალური დისტანციის დაცვით 20 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე პერსონალის 100 წევრს მოწვევა გაუგზავნა.
იმეილი, რომლის ნამდვილობაც დამოუკიდებელი წყაროებით CNN-მაც დაადასტურა, სტუმრებს საკუთარი სასმლის მოტანისა და ამინდით ტკბობისკენ მოუწოდებდა.
ჯონსონმა თქვა, რომ ვიდრე პრემიერ მინისტრისთვის განკუთვნილ სახლში შევიდოდა, გარეთ არსებულ შეკრებას 25 წუთით დაესწრო. მან განაცხადა, რომ ეგონა ეს სამსახურთან დაკავშირებული შემთხვევა იყო, თუმცა აღიარებს, რომ წინდაუხედავად მოიქცა.
“მე მინდა ბოდიში მოვიხადო. მე ვიცი რომ მილიონობით ადამიანმა ამ ქვეყანაში გაიღო დიდი მსხვერპლი გასულ 18 თვეში. ვიცი, ის შფოთი რაც მათ გამოიარეს, როცა არ შეეძლოთ ეგლოვათ ახლობლები, არ შეეძლოთ ეცხოვრათ ისე, როგორც სურდათ ან გაეკეთებინათ ის, რისი კეთებაც უყვართ. მე მესმის იმ ბრაზის, რასაც გრძნობენ ჩემ მიმართ და იმ მთავრობის მიმართ, რომელსაც ვუძღვები, როცა ისინი ფიქრობენ, რომ დაუნინგის ქუჩაზე თავად კანონმდებლები ზედმიწევნით არ იცავენ წესებს.
მიუხედავად იმისა, რომ მე არ შემიძლია ვიწინასწარმეტყველო ამჟამინდელი გამოკითხვების შედეგი, მე საკმარისად ვისწავლე, რომ ჩვენ ისეთი ქმედებებიც ჩავიდინეთ, რაც გამართლებული არ იყო და მე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა.
დაუნინგის ქუჩის 10 ნომერი დიდი დეპარტამენტია და აქვს ეზო, რომელიც ოფისის გაგრძელებაა და სუფთა ჰაერისა და ვირუსის შესაჩერებლად მუდმივად ვიყენებთ. მე ამ ბაღში გავედი საღამოს 6 საათის შემდეგ 2020 წლის 20 მაისს, რათა პერსონალისთვის მადლობა გადამეხადა, ვიდრე 25 წუთის შემდეგ კვლავ მუშაობას არ დავუბრუნდებოდი. მე ცხადად მჯეროდა, რომ ეს იყო სამსახურთან დაკავშირებული ღონისძიება.
მაგრამ წინდახედულობა უნდა გამომეჩინა და ყველა ისევ შიგნით შემეპატიჟებინა და მომეძებნა მათთვის მადლობის გადახდის სხვა გზა. მე უნდა მეღიარებინა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ქმედება იყო დაშვებული რეგულაციების ფარგლებში, მაინც იქნებოდა მილიონობით ადამიანი, ვინც ამას ასე არ დაინახავდა. ადამიანები, ვინც საშინლად დაიტანჯნენ, ვისაც არ შეეძლოთ საყვარელი ადამიანების ნახვა შენობაში ან გარეთ. ამ ადამიანებსა და ამ პალატას ვუხდი მხურვალე ბოდიშს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ამ პერიოდში გაერთიანებულ სამეფოში მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული. მოქალაქეებს აეკრძალათ ღია სივრცეში 1-ზე მეტ ადამიანთან შეხვედრა. რეგულაციის დარღვევა კი სამართლებრივად ისჯებოდა. დასაქმების ადგილებისთვის კი სპეციალური გზამკვლევი არსებობდა, რომლის მიხედვითაც პირისპირ შეხვედრები მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში იქნებოდა დაშვებული.
იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დაარღვევს მინისტრთა კოდექსს, მოსალოდნელია, რომ ის გადაგდება პოსტიდან. აღსანიშნავია, რომ ჯონსონის კონსერვატიული პარტიის არაერთმა წევრმა უკვე დააფიქსირა აზრი, რომ ჯონსონი პრემიერმინისტრობიდან უნდა გადადგეს თუ დადასტურდება, რომ ის ამ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრო.
მოქმედ პრემიერმინისტრს მომხდარის შესახებ დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.