logo
ENG



ბორჯომის თანამშრომლები ხელმძღვანელობის მხრიდან შანტაჟსა და იძულებაზე საუბრობენ

13 მაი 202217:19
3 წუთის საკითხავი
 

კომპანია ბორჯომის თანამშრომლები, რომლებიც ახალ ხელშეკრულებებს მიუღებელი პირობების გამო ხელს არ აწერენ, ამბობენ, რომ მათ ტელეფონზე ურეკავენ და აიძულებენ, მოაწერონ ხელი შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კუთვნილი განაცდურის წართმევით ან გათავისუფლებით ემუქრებიან.

ცნობისთვის, ბორჯომის თანამშრომლები მუქარასა და დაშინების მცდელობაზე რამდენიმე კვირის წინაც საუბრობდნენ. მას შემდეგ რაც სანქცირების მიზეზით კომპანიამ ქარხნები გააჩერა.

თანამშრომლები ამბობენ, რომ ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად მათ დღის ბოლომდე მისცეს ვადა. როგორც ისინი ყვებიან, სატელეფონო ზარებს ახორციელებს ირაკლი სტეფნაძე, რომელიც არაა ადმინისტრაციის თანამშრომელი და დისტრიბუციაში მუშაობს.

"მიდის დაშინების პროცესი, შანტაჟი. ყველა ღონეს ხმარობს კომპანია, ის ხელშეკრულება, რომელიც მათ უნდათ, გაატაროს. მიდის შანტაჟი. როგორც შეიძლება ეს? რომ დაურეკოს კომპანიის წარმომადგენელმა თავის დასაქმებულს და აშანტაჟოს, რომ თუ ხელს არ მოაწერს, რეორგანიზაციაში მოყვები", - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

ფორმულა დაუკავშირდა ირაკლი სტეფნაძეს, თუმცა მან ტელეკომპანიის კითხვებს არ უპასუხა.

კომპანია ბორჯომმა წარმოება 29 აპრილს შეაჩერა და ორივე ქარხნის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი დასავლეთის მიერ რუსეთის და რუსი ბიზნესმენების მიმართ დაწესებული სანქციებია - ბორჯომის მფლობელი რუსული კომპანია ალფა გრუფია, რომელიც სანქცირებულთა სიაში მოხვდა - მისი ანგარიშები გაიყინა. 

ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე, ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ. 

კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას და ძველი ხელშეკრულებით მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ. 


close დახურვა