logo
ENG



ბორჯომის მერიის ერთ-ერთი სამსახურის ყოფილი უფროსი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

27 იან 202115:14
3 წუთის საკითხავი
 

სუს-ის განცხადებით, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ბრალდებით, დაკავებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და კიდევ ერთი პირი.

გამოძიების ვერსიით, 2020 წლის იანვარში, ბორჯომში მცხოვრები პირი დაუკავშირდა ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს და სთხოვა დახმარებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში მდებარე საკომლო ჩანაწერით, მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში. 

"იმის გათვალისწინებით, რომ მიწის მოცემული ადგილმდებარეობა აღნიშნულ პირს არ აკმაყოფილებდა, შესთავაზა, მიწის ნაკვეთი დაერეგისტრირებინათ ტურისტული მიზნებისათვის პერსპექტიულ ადგილას, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით შესთავაზა დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის ნაწილის, ან შესაბამისი ღირებულების ფულადი თანხის გადაცემა.

ამ შეთავაზებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსანი დათანხმდა და დაპირდა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით უზრუნველყოფდა სოფელ ჭობისხევის რწმუნებულს, გაეცა მიწის ნაკვეთის იდენტურობის ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც მოხდებოდა 46 737 ლარის ღირებულების 10 000 მ2 ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის უკანონოდ რეგისტრაცია", - წერია სუს-ის განცხადებაში.

სააგენტოს განცხადებით, ბრალდებულებმა ვერ მოახერხეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.


close დახურვა