logo
ENG



ბორჯომის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

01 მარ 202020:47
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ლევან ლიპარტიას და საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გოგიჩაიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობაში დარჩა ასევე მესამე პირიც, ბიზნესმენი გიორგი ულუმბელაშვილი, რომელიც საქმეში ფიგურირებს. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა განაცხადა, სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა. მანვე აღნიშნა, რომ ლევან ლიპარტიას გამოძიება ქრთამის აღების გარდა, იარაღის უკანონო ტარებასაც ედავება.

„ორივე ბრალდებულს სასამართლომ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ჩვენი დასაბუთება. რაც შეეხება ბრალდებას, ლევან ლიპარტიას წარდგენილი აქვს ბრალდება დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ასევე საბრძოლო მასალის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მას ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მისთვის ზუსტად იყო ცნობილი, ასევე აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში, რომ ლევან ლიპარტიას აღებული ჰქონდა დიდი ოდენობით ქრთამი, მიუხედავად ამისა, მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს“, - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ საქმეში, რომელიც ქრთამის აღებას ეხება, ფული არ ჩანს და ბრალდება მხოლოდ ერთი პირის ჩვენებას ეყრდნობა.

„ბრალდების მხარე ლევან ლიპარტიას ედავება ქმედებას, ანუ ქრთამის აღებას, მაშინ, როდესაც ფული არ ჩანს საქმეში. მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირის ჩვენებას ეყრდნობა ბრალდება. რა თქმა უნდა, ვაპირებთ გავასაჩივროთ ეს დაუსაბუთებელი განჩინება აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს მიღებული საქალაქო სასამართლოს მიერ“, - განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის მაღალჩინოსნები ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. 


close დახურვა