logo
ENG



ბორჯომში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება - არის რამდენიმე აქტიური კერა

22 აგვ 202219:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/22/9q70hafvb34fxml.jpg
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ბორჯომში ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება. მისი თქმით, ხანძრის ქრობას ხელს უამინდობა უშლის.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, თუ ქარი ჩადგება, ხვალისთვის ბორჯომში უკეთესი ვითარება იქნება და ძირითად კერებს ჩააქრობენ. გომელაური ამბობს, რომ ადგილზე სხვადასხვა უწყების 1 200 თანამშრომელი მუშაობს.

"ყველა კერა ჯერ ლოკალიზებული არ არის. მუშაობენ ჩასაქრობად. იქიდან გამომდინარე, რომ ქარი იყო გუშინ და თითქმის ჩამქრალი, ლოკალიზებული ხანძარი ახლიდან გაღვივდა და გადავიდა მეორე მთაზე, დღესაც არის პატარ-პატარა კერები, არის აქტიური კერებიც.

დაახლოებით 1200 კაცზე მეტია ჩართული - შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე გარემოს დაცვის წარმომადგენელი, 120 ერთეული ტექნიკაა - მათ შორის მძიმე ტექნიკაც. ტრაქტორები გზის გაყვანაზე მუშაობენ, რადგან ფიზიკურად ვერ უდგებიან, წყალიც თუ ვერ მიაწოდე ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდება. ამიტომ გზების გაყვანაზე მუშაობენ.

საშიშროება არის თუ ქარი არ ამოვარდა, ღამე კიდევ დავამუშავებთ და ხვალ უკეთესი სიტუაცია იქნება, მაგრამ თუ ქარი ამოვარდა - რა თქმა უნდა გავრცელების საშიშროება არის. თუმცა ლოკალიზებული გვაქვს, სოფლებთან გვაქვს გადაკეტილი, რომ სოფლებში არ გადავიდეს. თუ ქარი არ ამოვარდება, ხვალ იქნება ძალიან პატარა კერები. 2 არის ძირითადი კერე და კიდევ პატარ-პატარა კერებია", - აღნიშნა გომელაურმა.

ბორჯომის ტყეებში ხანძარს მესამე დღეა, ებრძვიან. 

შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.


close დახურვა