ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ თიანეთში თამაზ მეჭიაურთან, მისი გამარჯვების შემთხვევაში, კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდა.
ბოტკოველმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ იმავე საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტურში ქართული ოცნების წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობა არ იბრძვის.
"ჩვენი შეთავაზება ნებისმიერ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში არის კოალიციური მთავრობა.
დღეს მქონდა საუბარი თამაზ მეჭიაურთან, როგორც პარტიის რეგიონალური სამსახურის წარმომდგენელს. არის მისი მზაობა და შემოთავაზება კოალიციურ მმართველობაზე.
თიანეთშიც, ცაგერშიც, ოზურგეთშიც - ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი არ არის მეორე ტურში, არის მოლაპარაკებები კოალიციური მთავრობებზე, ხვალ დილისთვის დასრულდება ეს პროცესი". - თქვა გიორგი ბოტკოველმა.
თიანეთში მერის არჩევნების მეორე ტურია. პირველ ტურში თამაზ მეჭიაურმა ხმების 30.095% მიიღო, ქართული ოცნების კანდიდატმა, ლევან წიკლაურმა - 43.201%.
24 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილი თიანეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს მოუწოდებს, გზა დაუთმოს მმართველი პარტიის კანდიდატს და "ნუ დაასხამს წყალს ნაციონალების წისქვილზე". მეჭიაურმა უარი შეუთვალა.