პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ბოტკოველმა ჟურნალისტებს ციხის დატოვების შემდეგ განუცხადა.
"სააკაშვილ გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა და გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა, შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე რომ მას პატივს სცემს. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს", - განაცხადა ბოტკოველმა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა სთხოვა პატრიარქისთვის გადაეცა, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და მის დაბრუნებას ითხოვს. "ჩვენ როგორც წესი, პატიმრებს, რომლებსაც აქვთ ხოლმე ასეთი მოთხოვნები შიმშილობასთან დაკავშირებით, მე რაც მეხსიერება მაქვს, მივდივართ ხოლმე და ვთხოვთ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა", - თქვა დეკანოზმა.
პატრიარქის მდივანს ჰკითხეს, როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა, რაზეც მან უპასუხა, რომ ამ დარგის სპეციალისტი არაა.
"მე არ შემიმჩნევია მისთვის სისუსტე. ვისაუბრეთ სულ რამდენიმე წუთი, დავემშვიდობეთ ერთმანეთს და როგორც ხედავთ, გამოვედი", - აღნიშნა დეკანოზმა.
მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, მდივანმა ყოფილ პრეზიდენტს ეკლესიის სახელით სთხოვა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა.