logo
ENG



ბოჭორიშვილი: არანაირად არ ხდება მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობაზე

18 ნოე 202514:52
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/18/ooudfa5u9aep60v.png

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ "არანაირად არ ხდება საქართველოს მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით".

ამ განცხადებით ის გამოეხმაურა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.

ბოჭორიშვილის მტკიცებით, გადაწყვეტილება "მოქალაქეების საარჩევნო უფლების, დემოკრატიის პრინციპებისა და ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად" მიიღეს.

"არანაირად არ ხდება საქართველოს მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. აქ საუბარი არის, ციფრები ისევ და ისევ კარგი დასტური იქნება, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს არჩევნებზე, მაგალითად, საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარებამ, ფაქტობრივად, არანაირი. თუმცა, მეორეს მხრივ, ჩვენ როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება არჩევნების თუნდაც გამოყენება გავლენების მოსახდენად, ეს არის უკვე მეორე საკითხი. ისევ და ისევ დემოკრატიის პრინციპების დასაცავად, ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების საარჩევნო უფლებების დასაცავად და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად ეს არის სწორი ნაბიჯი", - ამბობს ის.

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებენ. კერძოდ, მისი თქმით, იგეგმება საარჩევნო კოდექსის "ფუნდამენტური განახლება".

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზინდეტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს.

"კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და სად ცხოვრობს, აქვს სრული, პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება.

ამავე დროს, ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას, უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს", - ამბობს ის.


close დახურვა