პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების კუთხით არ უნდა იქნას განხილული.
"მოდით, ნუ შევხედავთ ამ ვიზიტს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით და ნუ განვიხილავთ ევროკავშირის ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსის ჩამოსვლას საქართველოში მხოლოდ ვიწრო ჭრილში.
ვიზიტს, რა თქმა უნდა, ექნება ის კომპონენტიც, რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ ვითარებას და განხილული იქნება ეს საკითხებიც, მაგრამ უფრო მეტი მნიშვნელობა ამ ვიზიტს აქვს იმ საგარეო პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, რაც დღეს ჩვენს რეგიონში ხდება". - თქვა მან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს, 28 თებერვალს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, ასევე ოპოზიციურ პარტიებს.
შარლ მიშელი ჩავა საოკუპაციო ხაზთანაც. შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.
ოპოზიციური პარტიები გეგმავენ, მიშელთან ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრონ. მათ შორის მთავარი იქნება ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დროს ჩამოდის. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტში შესვლაზე უკვე რამდენიმე თვეა, უარს ამბობს, ხელისუფლება კი პოზიციებს არ თმობს და ოპოზიციის პირობების შესრულებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე უარს ამბობს. გირაოს გადაუხდელობის საბაბით დააკავეს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია - პოლიცია პარტიის ოფისში შტურმით შევიდა.
ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ლიეტუველი დეპუტატის, ჟიგიმანტას პავილიონისის მოწოდებები დიალოგთან დაკავშირებით.
23 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავების დღეს ევროპარლამენტარებმა შარლ მიშელს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით წერილით მიმართეს და მოუწოდეს, გამოიყენოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის აღდგენისა და კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშესაწყობად.