ბოჭორიშვილის კლინიკაში 18 პაციენტის ბიოლოგიური სინჯის პასუხს ელოდებიან. მათგან რამდენიმეს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდათ.
კლინიკაში ამ ეტაპზე 45 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 24-ს უდასტურდება. მათგან 12-ს ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა სპეციალისტებისთვის დამაკმაყოფილებელია.
კლინიკაში რჩება 6 არასრულწლოვანიც. საავადმყოფო 2-მა გამოჯანმრთელებულმა არასრულწლოვანმა უკვე დატოვა.
„ბოქსირებულ სეგმენტში არის 45 პაციენტი, 24-ია დადასტურებული. ველოდებით 18 პაციენტის ანალიზის პასუხებს, რომელიც გაგზავნილია ლაბორატორიაში. რაც შეეხებათ არასრულწლოვნებს - 6 პაციენტი გვყავს 18 წლამდე ასაკის და მათი ავადობის დინამიკა არის დადებითი. ველოდებით გამოჯანმრთელებას - ორი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა გუშინ, ერთი მოზრდილი და ერთი ბავშვი", - აცხადებს ინფექციონისტი თამარ ბადურაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
17 აპრილიდან აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილებაც.