აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტია მოთავსებული. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, დღეს ახალი პაციენტი არ მიუღიათ.
მისივე თქმით, ინფიცირებულს შორის 11 ბავშვია. მათი მდგომარეობა მსუბუქია და რაიმე გართულებები არ აღენიშნებათ.
„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ ეტაპზე არის 42 პაციენტი. დადასტურებული კოვიდ 19-ის დიაგნოზით არის 32 პაციენტი, აქედან 11 ბავშვია. გუშინდელი დღის შემდეგ არ გვაქვს არც გამოჯანმრთელება და არც ახალი შემთხვევა. ყველა პაციენტის საშუალო სიმძიმის არის. მიმდინარეობს გამოკვლევები და მკურნალობა. ბავშვების მდგომარეობა საკმაოდ მსუბუქია. გამოხატული იყო უმრავლესობაში პნევმონია, მაგრამ მათი სუბიექტური შეგრძნებები იყო მსუბუქი. პნევმონია მკურნალობას საკმაოდ კარგად ექვემდებარებოდა ყველა ბავშვის შემთხვევაში. საბედნიეროდ ამ მდგომარეობამ ამ პაციენტებში მსუბუქად ჩაიარა“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 738-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 573-ს შეადგენს.