logo
ENG



ბრაიზა: ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა კატასტროფა იყო

12 მარ 202110:04
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტ ანა ფოტიგას სადისკუსიო პანელზე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს. მომხსენებლებს შორის იყვნენ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა, "ჰერითიჯის ფონდის" მკვლევარი ლუკ კოფი და ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი. მეთიუ ბრაიზას თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა კატასტროფა იყო. 

ბრაიზა საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონის ვიზიტსას შეეხო და განაცხადა, რომ შვედი დიპლომატის უნარ-ჩვევები მოლაპარაკებების დროს გამოსადეგი იქნება.

"საქართველოში პოლარიზაციის შესამცირებლად და არსებული კრიზისის განსამუხტად ბევრის გაკეთება შეგვიძლია. კრისტიან დანიელსონის დანიშვნა როგორც მედიატორის, ვფიქრობ, ფანტასტიკურია. ვფიქრობ, შვედი დიპლომატის უნარ-ჩვევები გამოსადეგი იქნება. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ანაკლიის პორტის თემას. ამ პროექტის ჩავარდნა კატასტროფა იყო. ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოიტანა განაჩენი, რომ პროექტი, შესაძლოა, გაგრძელდეს. ეს იმედს მაძლევს, რომ დანიელსონი რამეს მიაღწევს", - განაცხადა ბრაიზამ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. დანიელსონი თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა.

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. 

მიშელმა ჩარჩო შეთანხმებაც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო საკითხებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. 

დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამ დრომდე არ გამართულა. 

 

 


close დახურვა