მრავალწლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ ჯულიან ასანჟი დიდ ბრიტანეთს ტოვებს მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც ის ნაწილობრივ აღიარებს წაყენებულ ბრალს და გათავისუფლდება.
ბოლო ხუთი წელი 52 წლის ასანჟმა ბრიტანულ ციხეში გაატარა, საიდანაც ის აშშ-ში ექსტრადიციას ებრძოდა. CBS-ის ინფორმაციით, ასანჟს აშშ არ დააკავებს და იმ წლებს ჩაუთვლის, რომელიც მან ბრიტანულ ციხეში გაატარა. როგორც ცნობილია, ის ავსტრალიაში დაბრუნდება, რომლის მოქალაქეც არის.
ასანჟი ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებისკენ გაემგზავრა, სადაც მას აშშ-ის სასამართლო ელოდება. მოსალოდნელია, რომ ასანჟი წაყენებული ბრალის ერთ-ერთ პუნქტს აღიარებს.
Julian Assange boards flight at London Stansted Airport at 5PM (BST) Monday June 24th. This is for everyone who worked for his freedom: thank you.#FreedJulianAssange pic.twitter.com/Pqp5pBAhSQ
2019 წელს აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ ასანჟს 17 ბრალი წაუყენა, რომელიც ჯაშუშობასა და ერაყსა და ავღანეთში აშშ-ს სამხედრო საქმიანობის შესახებ საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კომპიუტერის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას ეხებოდა. პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ასანჟი დაეხმარა ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ჩელსი მენინგს მოეპარა სამხედრო ფაილები, რომლებიც შემდგომში WikiLeaks-ზე გამოქვეყნდა.
წაყენებული ბრალით აშშ-ში ასანჟს 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად ასანჟმა 7 წელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში გაატარა, ხოლო საელჩოში დაკავების შემდეგ, ბოლო 5 წელი - ციხეში.
ასანჟის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ექსტრადიცია იქნება დასჯა მისი პოლიტიკური შეხედულებებისთვის და დაარღვევს მის უფლებას სიტყვის თავისუფლებაზე. ასანჟის მხარდამჭერები კი ამბობდნენ, რომ საიდუმჯლო დოკუმენტების გამოქვეყნებისას, ჟურნალისტად მოქმედებდა. გარდა ამისა, ავსტრალიამაც მხარი დაუჭირა თავისი მოქალაქის ქვეყანაში დაბრუნებას.