logo
ENG



ბრატისლავას ფორუმზე ღარიბაშვილს ლექსო ლაშქარავაზე დაუსვეს კითხვა

03 ივნ 202218:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/03/35108zy7g3kx9cx.jpg

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერმინისტრს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დაღუპვაზე დაუსვეს კითხვა. დისკუსიის დროს, რომელშიც მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუც მონაწილეობდა, ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს, მისი მთავრობა წელსაც იმავე შეცდომას დაუშვებს თუ არა, რაც შარშან, როდესაც აქტივისტები არ დაიცვა.

"თქვენ იკითხეთ, რატომ არ უნდა მიიღოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩემი კითხვაა და დავუბრუნდები გასული წლის 11 ივლისს, როდესაც ჟურნალისტი და ოპერატორი თბილისის ცენტრში თბილი პრაიდის დროს მოკლეს, როდესაც მათ ულტრამემარჯვენეები დაესხნენ თავს. თქვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ აქტივისტები დაეცვა. თქვენი ხელისუფლება წელსაც იმავე შეცდომას გაიმეორებს თუ რეალურად დაიცავს ევროპულ ღირებულებებს?" - დაისვა კითხვა დარბაზიდან.

პასუხის გაცემა ირაკლი ღარიბაშვილმა იმით დაიწყო, რომ 2014 წელს საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც არის ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით "ზოგიერთი პრობლემა და გამოწვევა":

"გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, არის პრობლემები, გამოწვევები ამ საკითხთან დაკავშირებით". 

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა კითხვის დამსმელს ლაშქარავაზე ნათქვამი შეუსწორა.

"ბატონმა თქვა, რომ ოპერატორი მოკლეს დაპირისპირების დროს. არ მინდა შეგაწუხოთ ყველა დეტალით, მაგრამ ვიტყვი მოკლედ, პოლიციამ დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ისინი ციხეში არიან. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მათი ორიენტაციისა და მსგავსი რამ. და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ კანონი რომელიც არსებობს საქართველოში, იცავს ყველა მოქალაქეს", - თქვა ღარიბაშვილმა.


close დახურვა