logo
ENG



ბრაუდერი: სააკაშვილი ტყვედ ჰყავს აყვანილი მთავრობას, ძალიან სამარცხვინო და ბოროტი ქმედებაა

11 იან 202315:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/11/3xleq0xalw4x64u.jpg

მაგნიტსკის აქტის ავტორმა ბილ ბრაუდერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ნახა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ფოტო, სადაც "ნათელი იყო, რომ ის უკიდურეასდ მძიმედ იტანჯება ფიზიკურად".

"ციხეში გადაღებული მიხეილ სააკაშვილის ფოტო ვნახე და ამ ფოტოდან ნათელი იყო, რომ ის უკიდურესად მძიმედ იტანჯება ფიზიკურად. როგორც ჩანს, მისი სამედიცინო საჭიროებები უგულვებელყოფილია, ნაწამებია და სავარუდოდ, მოწამლულიც. ფოტო კი ათას სიტყვაზე მეტს ამბობს. ასე რომ, როდესაც ვნახე ფოტო ადამიანის, რომელიც ერთ დროს ძლიერი, ჯანმრთელი იყო, ნათელი გახდა, რომ ის სიკვდილის პირასაა. რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ და უნდა მოვიმოქმედოთ სწრაფად", - თქვა ბრაუდერმა.

ბრაუდერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ცუდი მოპყრობა "სამარცხვინო, ბოროტი ქმედებაა, რაც საშინელ ლაქად დარჩება საქართველოს მთავრობაზე".

"ვფიქრობ, რომ ის, რასაც ახლა ვუყურებთ არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტისადმი ცუდად მოპყრობა და ეს იქამდეა უკვე მისული, რომ ის [სააკაშვილი] კვდება. ეს იმდენად ძალიან სამარცხვინო და ბოროტი ქმედებაა, რომ საშინელ, საშინელ ლაქად დარჩება საქართველოს მთავრობაზე. თუ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, მაშინ წარმოდგენაც კი მიჭირს რა მოუვათ საქართველოს ახლანდელი მთავრობის წევრებს. ისინი, ალბათ, ვეღარასდროს აწარმოებენ ბიზნესს, ვერ ექნებათ ანგარიშები და ვეღარსად იმოგზაურებენ მსოფლიოში. სწორედ ეს მოხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება", - ამბობს ბრაუდერი.

ბრაუდერის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას ტყვედ ჰყავს აყვანილი. ის აღნიშნავს, რომ მაგნიტსკის აქტი სპეციალურად იმისთვისა შექმნილი, რომ მსგავსს სიტუაციებს გაუმკლავდეს.

"ჩემი აზრით, ის ტყვედ ყავს აყვანილი [საქართველოს] მთავრობას, რომელიც მას საშინლად ექცევა. მაგნიტსკის აქტი სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ ასეთ სიტუაციებს გაუმკლავდეს. სერგეი მაგნიტსკი ასეთ სიტუაციაში იმყოფებოდა - როდესაც ვინმეს ნელ-ნელა აწამებ, სიკვდილამდე.

ახლა გვჭირდება, რომ იმ ოფიციალური პირების სია შევადგინოთ, რომლებიც [მიხეილ სააკაშვილს] შესაბამისი მკურნალობის საშუალებას არ აძლევს, ვინც მის მიმართ არასწორ მოპყრობაზეა პასუხისმგებელი. თუ მას ძალიან სწრაფად არ გამოუშვებენ, მაშინ ამ ხალხს, ან დაუყოვნებლივ უნდა დავუწესოთ სანქციები, ან დავემუქროთ ძალიან მკაცრი სანქციებით.

თავად ის იდეა, რომ საქართველოს მთავრობა ტოვებს მას პატიმრობაში მაშინ, როდესაც ის ასეთ მძიმე და უგულვებელყოფილ მდგომარეობაშია, ნათლადაა მისი [სააკაშვილის] უფლებების დარღვევა. მაგნიტკსის აქტი სწორედ ასეთ სიტუაციებთან გასამკლავებლადაა შექმნილი", - თქვა ბრაუდერმა ინტერვიუში. 

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილამ მაგნიტსკი აქტის ავტორს ბილ ბრაუდერს მიმართა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ახალი მაგნიტსკის სიის შექმნაში დაეხმაროს, ვიდრე "ლეტალური შედეგი დადგება".

მაგნიტსკი აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. ის 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში დაიღუპა.

2016 წელს მიღებულ გლობალურ მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ კი აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს: გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

2022 წლის 23 დეკემბერს მაგნიტსკი აქტის ავტორმა ბილ ბრაუდერმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და თუ მას სამკურნალოდ ევროპაში არ გადაიყვანენ, ამას "მხოლოდ მკვლელობა შეიძლება ეწოდოს".

ბრაუდერის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.

 


close დახურვა