logo
ENG



ბრაუდერი: სააკაშვილი ჩვენ თვალწინ კვდება - ეს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

23 დეკ 202201:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/23/ydx7gixfqqzq30a.jpg

მაგნიტსკი აქტის ავტორი ბილ ბრაუდერი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და თუ მას სამკურნალოდ ევროპაში არ გადაიყვანენ, ამას "მხოლოდ მკვლელობა შეიძლება ეწოდოს".

ბრაუდერის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.

„ეს ამაზრზენია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია საქართველოში, ის ჩვენ თვალწინ კვდება. ეს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მას ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო ევაკუაცია ევროპაში. თუ ასე არ მოხდება, ამას მხოლოდ მკვლელობა შეიძლება ეწოდოს“ - განაცხადა ბრაუდერმა.

მაგნიტსკი აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. ის 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში დაიღუპა.

2016 წელს მიღებულ გლობალურ მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ კი აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს: გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

დღეს, 7 თვის შემდეგ პირველად, სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო. პროცესზე მისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავდნენ.

ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საზრვარგარეთ მკურნალობა სჭრიდება. 

მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია ითხოვდა, რომ ის სასამართლო პროცესს დაასწრონ, თუმცა სხვადასხვა მიზეზით მას ამის უფლება არ მისცეს. ვივამედის ექიმები აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის პროცესს ფიზიკურად დაესწროს. 14 დეკემბერს კი, როდესაც დაცვის მხარემ დისტანციური დასწრების უზრუნველყოფა მოითხოვა, პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, რომ ეს ტექნიკურად ვერ ვერ, რის გამოც პროცესი ერთი კვირით გადაიდო. 

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად. 

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა".


close დახურვა