logo
ENG



ბრეგაძე: გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის ყველა სამედიცინო საჭიროება დაკმაყოფილებულია

16 ნოე 202110:14
3 წუთის საკითხავი
 

რატი ბრეგაძის მტკიცებით, გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის ყველა სამედიცინო საჭიროება დაკმაყოფილებულია. 

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა მას რამე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურების მიწოდება ვერ უზრუნველყო. 

რატი ბრეგაძე ამტკიცებს იმასაც, რომ გლდანის დაწესებულებას აქვს სრული რესურსი იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი და შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია. 

"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მისი გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, სახელმწიფომ მსჯავრდებული რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებაში გადაიყვანა. შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი სამედიცინო თვალსაზრისითაც დღეს ბევრად მაღალია. 

შეგახსენებთ, ამ დაწესებულებას სრული საკადრო თუ ინფრასტრუქტურული რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ სრულად უზრუნველყოს როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი, შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია. 

გარდა ამისა, მოვიწვიეთ ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მეთვალყურეობას ახორციელებს და მას სათანადო მომსახურებას უწევს". - თქვა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე. 

მისივე განცხადებით, როდესაც დადგება საჭიროება, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი და დამატებით რეკომენდაციები, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური იმოქმედებს "პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე". 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. 

ექიმები და სახალხო დამცველი ამბობენ, რომ გლდანის მე-18 ციხის დაწესებულება არ არის სათანადოდ აღჭურვილი. ამასთან, თავად პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში 585 პატიმარი გადაიყვანეს. 


close დახურვა