იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ირწმუნება, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ოჯახს მისივე მოთხოვნის საფუძველზე "კანონის სრული" დაცვით შეხვდა.
გუშინ, 11 აგვისტოს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გოგაშვილს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ციხეში ორჯერ დაურეკა და მას და მის ოჯახს გაჩუმება მოსთხოვა. მისივე თქმით, ამ მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში გოგაშვილი ოჯახის წევრებს შეახვედრეს.
ჟურნალისტებმა მინისტრს უთხრეს, რომ გოგაშვილს კანონით არ ჰქონდა ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება, ბრეგაძემ კი განაცხადა, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ქცევა იყო "დადებითი" და შეხვედრას ჰქონდა "წამახალისებელი" ხასიათი.
"ბატონო გოგაშვილი დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციურის თანამშრომლების მიმართ, მისი ქცევაც იყო დადებითი და გარკვეული წახალისების ღონისძიების სახით იყო... ის შეხვედრა ჩატარდა მისი მოთხოვნით და მათ შორის მისი ყოფაქცევაც არის ძალიან დადებითი. ერთგვარი წახალისების ღონისძიების სახით იყო ეს შეხვედრა"- ამბობს ბრეგაძე.
***
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. სამივე საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლთან დაკავშირებით საუბარია რუსეთის 2 მოქალაქის, კონსტანტინე რომანოვსკის და დავით ადამიას საჩივრებზე, რომელთა საფუძველზეც არის დაკავებული სოსო გოგაშვილი.
ამ ორი ადამიანის სახელი ტვ პირველის ეთერში გასულ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეს. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გოგაშვილს ჰკითხა, ხომ არ იყო ეს ორი ადამიანი რუსეთის აგენტი, რაზეც გოგაშვილმა უპასუხა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ.
კონსტანტინე რომანოვსკიმ სოსო გოგაშვილს მორალური ზიანის მიყენებისთვისაც უჩივლა.
რაც შეეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, გოგაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სახელზე 13 რეგისტრირებული იარაღია, ხოლო ის 2 დაურეგისტრირებელი იარაღი, რომლის უკანონო ფლობასაც ედავებიან, მას ჩაუდეს.
გოგაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ციხეში ყოფნისას მან რამდენიმე წერილი გაავრცელა, რომელიც არჩევნების გაყალბების, ვახტანგ გომელაურის საქმიანობის, აფგან მუხთარლის საქმის და გელა ხვედელიძის ცემის დეტალების გასაჯაროებას ისახავდა მიზნად.