სუს-იდან დაკითხვის შემდეგ გამოსულმა "ქართული მარშის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ კითხვები ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით დაუსვეს.
ბრეგაძის თქმით, მან თავად მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია მარნეულში ლელოსა და ევროპული საქართველოს "დესტრუქციული და სეპარატისტული" ქმედებების შესახებ.
"იყო გამოძიების კითხვები ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით - რა აქცია ტარდებოდა და რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა მას. მე ავუხსენი სუს-ის გამოძიებლებს, რომ ქართული მარშის წევრები ვიმყოფებოდით დედაქალაქში და საერთოდ არ ვიცოდით ამ აქციის შესახებ. საუბარია 16 ივლისის აქციაზე, როდესაც დილიდან ლელოს წევრები და იმამყულიევის წარმომადგენლები დადიოდნენ აზერბაიჯანულ სოფლებში და მოსახლეობას აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ ქართული მარში დაძრულია რამდენიმე ავტობუსით და გვსურდა ძალადობის განხორციელება მარნეულის რაიონში. კიდევ კარგი, დროულად დაწყნარდა სიტუაცია. მე ვფიქრობ, დაიბარებენ გიგა ბოკერიას და მამუკა ხაზარაძესაც, რადგან ამომწურავი ჩვენება მივეცი მათ სეპარატისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით", - ამბობს ბრეგაძე.
მან დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ნარიმანოვის ძეგლი უნდა აიღონ, რადგან სერგო ორჯონიკიძის მსგავსად, ისიც ბოლშევიზმის სიმბოლოა.
მარნეულში მერიის წინ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდა.
1870 წელს საქართველოში დაბადებული ნარიმან ნარიმანოვი ბოლშევიკური საქმიანობით იყო დაკავებული, იყო რევოლუციური კომიტეტის წევრი და თავმჯდომარე, ასევე საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ხელმღვანელი.
მიუხედავად მისი ბიოგრაფიისა, ძეგლის რეაბილიტაციის კრიტიკამ ზოგ შემთხვევაში ქსენოფობიური ხასიათი მიიღო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ "კონკრეტული ჯგუფები კახეთსა და ქვემო ქართლში ეთნიკური შუღლის გაღვივივებას ცდილობენ" და გამოძიება დაიწყო.
უფრო კონკრეტულად, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ქადაგებისას თქვა, რომ ძეგლის რეაბილიტაციით მარნეულის მერმა უკანონობა ჩაიდინა: "მერი მარტო აზერბაიჯანელებმა კი არა, ქართველებმაც აირჩიეს ... ქართველებს საერთოდ ღირსება თუ შეგვრჩენია, მაშინ ჩვენი მტრების ძეგლი არ უნდა იდგეს შუა ქალაქში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის დიდი შეურაცხყოფა. ეს არის ჩვენს წინაპართა სულში ჩაფურთხება", - თქვა მან. ამასთან, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეასხსენა, რომ "ქართულ მიწაზე ცხოვრობენ".
თავად ეპისკოპოსი ირწმუნება, რომ ის ეთნიკურ შუღლს არ აღვივებს და მისი მოწოდებები კანონიერია.
სასულიერო პირის ქადაგების შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა სანდრო ბრეგაძემაც, სადაც ამბობდა, რომ ეპისკოპოსს ამ საკითხში მთელი საქართველო "სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ფიზიკურად დაიცავდა".
დღეს ბრეგაძე საპირისპიროს ამტკიცებს, თუმცა არაერთი მედიის მიერ გავრცელებული მასალა მოწმობს, რომ ქართული მარშის სხვა წევრები 16 ივლისს მარნეულში იმყოფებოდნენ. ისინი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას სწორედ ეპისკოპოსთან ერთად ითხოვნდნენ.
"ქართული მარშის" ლიდერი ბოლო წლებში არაერთი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი იყო, თუმცა, პასუხისგებაში არ მიუციათ.
"ქართულ მარშზე", როგორც რუსული ძალის გააქტიურების ერთერთ ნიშანზე, საუბარია კრემლის საფრთხეებზე ესტონეთის საგარეო დაზვერვის დასკვნაშიც.