ქართული ოცნების ხელისუფლება, ექიმების და სახალხო დამცველის შეფასებების და რეკომენდაციების მიუხედავად, კვლავ არ აპირებს, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანოს.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, ციხის საავადმყოფო "მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს".
ბრეგაძის მტკიცებით, მრავალპროფილური საავადმყოფო აუცილებლად სამოქალაქო კლინიკას არ ნიშნავს.
"ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა, არის სარეკომენდაციო ხასიათის და მასში ნათქვამია, რომ თუკი საჭირო იქნება ჰოსპიტალიზაცია, ის უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ არ ყოფილა საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაშიც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და ოპონენტები. მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას. ექიმებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი რომელიმე კონკრეტულ კლინიკაზე, მათ შორის, სამოქალაქოზე.
თუკი გახდება საჭირო პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, ის გადაყვანილ იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში". - ამბობს მინისტრი.
რატი ბრეგაძე აპელირებს იმაზე, რომ ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი კონსილიუმის უკვე ყოფილ წევრს, ექიმ ზურაბ ფაღავას არ უთქვამს სიტყვა სამოქალაქო და რეკომენდაციის გაცემის დროს სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე გააკეთა აქცენტი.
ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 25 დღეა, შიმშილობს. სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმდება, არსებობს გულის გაჩერების რისკი, ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ჰოსპიტალიზაცია. კონსილიუმმა გასცა მრავალპროფილურ კლინიკაში პროფილაქტიკური კვლევებისთვის გადაყვანის რეკომენდაცია, რაც დიაგნოსტიკისთვის სხვადასხვა პროცედურის ჩატარებას გულისხმობს.
სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე და ადვოკატები ამბობენ, რომ ამისთვის საჭიროა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი ტექნიკა.
სახალხო დამცველმა, რომელიც ჩართულია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური ჯგუფის მუშაობაში, გუშინ, 24 ოქტომბერს ასევე თქვა, რომ ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა.
ომბუდსმენის შეფასებით, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც, სამწუხაროდ, N18 დაწესებულებაში შეუძლებელია.
"მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს". - ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
რატი ბრეგაძემ ომბუდსმენის პასუხად დღეს თქვა, რომ ამ განცხადებაში ფაქტობრივი შეცდომაა და ციხის საავადმყოფოში არის ექიმ-რეანიმატოლოგი.
მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს კლინიკების ასოციციაციამ.
ისინი ხაზს უსვამენ, რომ დანაშაულია ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის განზრაც შექმნა.
ექსპრეზიდენტის ადვოკატების განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა საჭიროა მისი უსაფრთხოების გამოც. ნიკა გვარამიას თქმით, მათი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში ხელისუფლებამ შესაძლოა იმიტირებული ბუნტი მოაწყოს და მიხეილ სააკაშვილს დააბრალოს, შემდეგ კი მოხდეს მისი ლიკვიდაცია.
თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოდან გაქცევის ეშინია ხელისუფლებას.
ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ "ექსპრეზიდენტი სიმულიანტობს, თითქოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა". მისივე განცხადებით, მოგვიანებით იტყვის, "დიეტაზეა თუ შიმშილობს სააკაშვილი".
ღარიბაშვილის ვერსიით, სააკაშვილს გეგმა აქვს, რომ "სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ 30 ოქტომბერს მისი მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან მისი მხარდამჭერები, ამომრჩევლები და გაათავისფლებდნენ".