logo
ENG



ბრეგაძე: სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის ოფიციალურ მოთხოვნაზე უარის საფუძველი გვაქვს

13 ოქტ 202212:10
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ საქართველოს უკრაინის სასამართლოსგან ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით გადაცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია.

ბრეგაძის თქმით, ამ მოთხოვნაზე "ცალსახად არის გამოკვეთილი უარის თქმის საფუძველი".

"მსგავსი სახის ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენი მხრიდან შეიძლება გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. თუმცა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვე არის საერთაშორისო შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობითაც გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ ქვეყანაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება.

როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული 2 საქმეზე და დანარჩენ 3 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ იმასაც, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, იმთავითვე არსებობს უარის თქმის გამოკვეთილი საფუძველი", - თქვა ბრეგაძემ იმედის ეთერში.

6 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში წარსულში მომხდარ ფაქტზე უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის, როგორც დაზარალებულის დაკითხვის მიზნით მისი საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ადვოკატის თქმით, საქმე ეხება უკრაინაში მომხდარ ინციდენტს, სადაც სააკაშვილი დაზარალებულად ცნეს. ახლა კი სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში დაკითხვის შესახებ.

ხაჭაპურიძის თქმით, მას შემდეგ რაც მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე განჩინება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნება, ისინი მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუგზავნიან.


close დახურვა