იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტა არის იმის საფუძველი, რომ ყოფილი პრეზიდენტი შემდეგ პროცესზე სასამართლო დარბაზში გადაიყვანონ. ეს ბრეგაძემ იმედის ეთერში თქვა.
როგორც მინისტრი ამბობს, ისინი ამ საკითხზე ექიმების დასკვნას დაელოდებიან.
"როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში", - თქვა ბრეგაძემ.
როგორც ის ირწმუნება, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომებზე ორი მიზეზით - უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადაჰყავდათ.
"ვინაიდან ის იყო მოშიმშილე პატიმარი და ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია ის შედეგი, რომ ის ვერ იყო გადაყვანილი სასამართლო დარბაზში. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას გაუკეთდა შეთავაზება, რომ სასამართლო პროცესი წარმართულიყო დისტანციურ რეჟიმში და ასე ვთქვათ, დაცვის მხარის სურვილი არ იყო გამოხატული ამასთან დაკავშირებით, მათ განაცხადეს უარი და ბუნებრივია, მეორე მხარე ვერაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ სასამართლო პროცესზე ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი წარმოდგენილი დისტანციური ფორმით", - თქვა ბრეგაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება არ მისცეს. პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე უარი თქვა. უწყება მიზეზად "დესტქურციას" ასახელებდა და აღნიშნავდა, რომ შესაძლოა, მათ სააკაშვილის გადაყვანის პროცესში ხელი შეშლოდათ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე - ჯერ არა.
სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა. ამ საქმეზე 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.
სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. 10 ნოემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7 ნოემბერის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე) - პროკურატურის ვერსიით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის.
სააკაშვილს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო კვეთისთვის.