logo
ENG



ბრეგაძე პოლონელ ექიმზე: ახსნა-განმარტებაში დაადასტურა ნიმუშის გატანის მცდელობა

17 ივლ 202309:12
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პოლონელ ექიმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მას პალატიდან ნამდვილად მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გაჰქონდა. მისი მტკიცებით, ახსნა-განმარტებაში ეს ექიმმა თავად დაადასტურა.

"მსჯავრდადებულ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებული გაუგებარი ინციდენტის გაუბრალოებითა და გადაფარვით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს, გასარკვევია, ნამდვილად მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს თუ უბრალოდ რაიმე ედო წინდაში და შემთხვევით შემოჰყვა.

ფაქტი ჯიუტია, ჩვენ ვიყავით და ვართ ჩვენი პირობის ერთგული, შევუშვით პოლონელი ექიმები და გავატანეთ მათ ასევე ოფიციალურად აღებული ნიმუშები. თუმცა, მოგვიანებით, ვიხილეთ ექიმის მიერ, ყველა წესის დარღვევით, მსჯავრდადებულისგან აღებული ნიმუშების ფეხსაცმლის მეშვეობით მალულად გატანის მცდელობა.

საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დამატებით, გეტყვით, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდადებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. ამ ეტაპზე მეტ დეტალებზე არ ვისაუბრებთ.
ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისა და საზოგადოების მოტყუებისგან", - განაცხადა მან.

14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იყო შესული, ფეხსაცმლის საშუალებით მალულად ნიმუშის გატანა სცადა.

პენიტენციურმა ვიდეოკადრებიც გაავრცელა, რომელზეც სავარაუდოდ ექიმს ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს, საიდანაც გადახვეული ქაღალდი ამოიღეს. როგორც პენიტენციურში ამტკიცებენ, ამ გადახვეულ ქაღალდში ცდილობდა ექიმი ნიმუშის გატანას.


close დახურვა