logo
ENG



ბრეგაძე სააკაშვილზე: გაკეთდება ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომ ხალხს ინფორმაცია ჰქონდეს

20 ნოე 202220:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/20/pjh8kclmedzvl5z.jpg

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, ხვალ დილით მიმართავენ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს, რომ გაკეთდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სააკაშვილის ადვოკატის თქმით, მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტები მიუთითებენ, რომ ის მოწამლულია.

ბრეგაძე მოუწოდებს ყველას, "თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან".

"მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, პირველ რიგში, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები. მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის წარმოუდგენია. საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, იმისთვის, რომ საზოგადოებას არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი და, ამავდროულად, სახელმწიფომ გააკეთოს მაქსიმუმი, ჩვენ ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", - თქვა ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა 19 ნოემბერს ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტები მიუთითებენ, რომ ის მოწამლულია.

გელბახიანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება იძლევა ამის თქმის საფუძველს, ვინაიდან სხვა დაავადებები ამგვარად არ განვითარდებოდა.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ასევე განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს. მისი თქმით, სააკაშვილის ორგანიზმში ნივთიერება მხოლოდ ხელოვნურად შეიძლებოდა მოხვედრილიყო, თუმცა უცნობია, რა გზით.

 


close დახურვა