სასამართლო სხდომიდან გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩანდა, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე კვლავ ამტკიცებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობით "მანიპულირებს". მისი თქმით, სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს სრულად ამ დრომდე არ ასრულებს.
"საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული, საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას, ან გათავისუფლებას. თუმცა საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები ძალიან სწრაფად დასრულდა.
მოგახსენებთ, ჩვენო ძვირფასო საზოგადოება, რომ მსჯავრდადებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვებს. მსჯავრდადებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდადებულსაც მოვუწოდებთ, რომ ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები", - აცხადებს ბრეგაძე.
იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდეგ უკრაინის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები "სამწუხარო და მიუღებელია". მისი თქმით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ.
"რაც შეეხება აღნიშნულ განცხადებას, ეს განცხადება, ჩემთვის პირადად, რა თქმა უნდა, არის სრულიად მიუღებელი, იმიტომ, რომ აქ არ არის მოყვანილი არცერთი მტკიცებულება და როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში თითქოსდა ვინმეს აწამებენ, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვერასოდეს დავეთანხმები. გამომდინარე იქიდან, რომ თუკი სადმე არის ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებაში, აქ ლიდერი არის ნამდვილად საქართველო", - განაცხადა მან.
ბრეგაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ "არ აქვს მნიშვნელობა", ვინ იქნება, საქართველოს აქვს "ღირსება" და "განუხრელად იცავს" ადამიანის უფლებებს - ამასთან, იუსტიციის მინისტრი "ძალიან სამწუხაროს" უწოდებს ამ განცხადებებს იმის ფონზე, რომ საქართველო დგას უკრაინის გვერდით "ყველა კრიზისულ სიტუაციაში".
"ძალიან საინტერესო იქნება, რას ფიქრობს ჩვენი ძვირფასი საზოგადოება იმაზე, რა არის წამება - ის, რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, მოვუწოდებთ გამუდმებულ რეჟიმში იმას, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი მკურნალობა და საკვები, ეს არის წამება? თუ ისა არის წამება, რომ 2 300-მდე ვიზიტორი ჰყავდა, თუ ის არის წამება, რომ მისი სახელმწიფოს საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ნახულობენ. ადრეც იყო მსგავსი განცხადება და იმაზეც გვქონდა ანალოგიური რეაქცია, ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება და რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი.
ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება, ზუსტად ვიცით, რომ ვიცავთ განუხრელად ადამიანის უფლებებს, მათ შორის ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში და ვერავისგან ვერ მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას აბსოლუტურად ყველა კრიზისულ სიტუაციაში, სწორედ ამ სიტუაციაში განსაკუთრებით სამწუხაროა ეს განცხადება", - თქვა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრისგან განსხვავებით, კადრების გავრცელების შემდეგ, სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატეს საერთაშორისო მედიებმა. გამოცემები წერენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიზუალურად შეცვლილია, რამაც ბევრში შეშფოთება გამოიწვია. ასევე, ისინი ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე.