იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში გადაყვანის კადრები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გამო გაასაჯაროვეს, რადგან შექმნილი აჟიოტაჟის ფონზე დაემტკიცებინათ, რომ სააკაშვილი თავისი ნებით გადაიყვანეს.
"რაც შეეხება კადრების გასაჯაროვებას, როდესაც ის იყო გადაყვანილი თავიდან, თუ გახსოვთ მისი ადვოკატებიც, ჟურნალისტებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ მას იძულებით დაატოვებინეს ტერიტორია, ნომერ მე-12 დაწესებულების და გავრცელდა ის კადრები შესაბამისად, იმიტომ რომ აქ ძალიან მაღალი იყო საზოგადოებრივი ინტერესი. ცდილობდნენ შეექმნათ ისტერიული ფონი, მოეხდინათ მხარდამჭერების მობილიზება, რაც ბუნებრივია საფრთხეს შეუქმნიდა პენიტენციური სამსახურის გამართულ ფუნქციონირებას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებდით, პენიტენციური დაწესებულებები არ არის მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, ისინი ცდილობდნენ დაეძაბათ სხვა პატიმრების მშობლებიც.
ამან მიგვიყვანა ჩვენ იქამდე, რომ გამოგვექვნებინა კადრები, სადაც ჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი გამოდის თავისი ნებით დაწესებულებიდან და ასევე, საკუთარი ნებით მიემართება რეანომობილისკენ. შემდგომში განხორციელდა მისი გადაყვანა, მერე უკვე კარგად გვახსვოს გლდანში შესახლებას რა ისტერია მოჰყვა და რა მზადდებოდა, ამის მომსწრეა საზოგადოება." - ამბობს რატი ბრეგაძე.
ასევე რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა იყო, რომ მისი ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა გასაჯაროვებულიყო.
რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ზრდილობიანად მიმართეს გადმოსულიყო რეანომობილიდან, თუმცა ის არ დაემორჩილა კანონის მოთხოვნას. ბრეგაძე ამბობს, რომ მაშინ როდესაც პატიმარი ეწინააღმდეგება პენიტენციურის თანამშრომლებს, ამ უკანასკნელთ უფლება აქვთ სპეციალური საშუალებების გამოყენებით. რატი ბრეგაძის თქმით "სააკაშვილის თითო კიდური ეჭირა თითო თანამშრომელს, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეჰყავდათ".
8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს - ის სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვდა და ამ დრომდე ითხოვს.
გადაყვანის პროცესში მიხეილ სააკაშვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პატიმრებმა კი დამცირების მიზნით ე.წ შუმოკი მოუწყვეს.
11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.