logo
ENG



ბრეგაძე სანქციებზე: ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ უკრაინას, მსგავსი გადაწყვეტილება გაუგებარია

21 ოქტ 202216:54
3 წუთის საკითხავი
 
ბრეგაძე სანქციებზე: ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ უკრაინას, მსგავსი გადაწყვეტილება გაუგებარია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და გარემოცვის სანქციების შესახებ აცხადებს, რომ "მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები სრულიად გაუგებარია და არ არის კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ".

ბრეგაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ და "ცალსახაა, რომ უკრაინის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ითვალისწინებს მათ რჩევებს".

"სრულიად გაუგებარია მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ეს ჩვენ ადრეც ვიხილეთ, როდესაც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ომში ჩართვისკენ და ამ ყველაფერზე საქართველო არ წამოეგო და პირიქით, ვცდილობთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, დავუდგეთ გვერდით უკრაინელ ხალხს და როდესაც მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს უკრაინაში, არ აქვს მნიშვნელობა ვინც არ უნდა მიიღოს, სრულიად გაუგებარია ჩვენთვის მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები და ვფიქრობთ, რომ ეს არ არის კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე ეკისრებათ მსგავსი ტიპის სანქციები და ეს არის სრულიად ტენდენციური გადაწყვეტილება.

მე, ამ შემთხვევაში, არაფერს არ ველოდები [ივანიშვილის სანქცირება], ვამბობ ჩემს პოზიციას, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც არ ახლავს არანაირი დასაბუთება, არის ცალსახად ტენდენციური. იმის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები უკრაინაში იკავებენ მაღალ თანამდებობებს, ესეც სრულიად გაუგებარია ჩვენთვის და ცალსახაა, რომ უკრაინის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ითვალისწინებს მათ რჩევებს, რომლებსაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და როდესაც მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას ვინმე მიიღებს, კეთილი უნდა ინებოს და თან მოაყოლოს დასაბუთება, შესაბამისად, მსგავსი ტიპის არასერიოზულ გადაწყვეტილებებზე მეტი კომენტარის გაკეთება არ იქნება მიზანშეწონილი", - ამბობს ბრეგაძე.

***

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა, რომელიც 12 ოქტომბრით არის დათარიღებული და ძალაში დღეიდან შევიდა. შავ სიაში შესაყვან პირთა სია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოამზადა. 

ე.წ. შავ სიაში არიან: ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული. ასევე, ივანიშვილის დეიადშვილი უჩა მამაცაშვილი, მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად. უჩა მამაცაშვილი რუსულ ბიზნესებთან არის კავშირში. 

საერთო ჯამში, სანქციები შეეხო 3 800 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. დასანქცირებულ პირთა შორის არიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პაველ ლებედევი, ასევე ოლიგარქები სერგეი კურჩენკო და ოლეგ დერიპასკა.

სანქციები ითვალისწინებს სიაში მოხვედრილი პირების აქტივების გაყინვას, ანუ ისინი დროებით ვერ შეძლებენ საკუთარი ქონების გამოყენებასა და განკარგვას, ასევე იმ ქონების განკარგვასაც, რომელსაც ისინი ირიბად ფლობენ. 

სანქციების თანახმად, ხსენებულ პირებს ეკრძალებათ არსებული კაპიტალის უკრაინის საზღვრებს გარეთ გატანა, მიწის ნაკვეთების შეძენა, ქონების გადაცემა/გასხვისება, სავაჭრო ოპერაციების შესრულება, რესურსების ტრანზიტი. სულ სანქციები 13 პუნქტისგან შედგება და მათი მოქმედების ვადა 10 წლით არის განსაზღვრული. 

 

 


close დახურვა