დიდი ბრიტანეთი უკრაინაში პუტინის უკანონო შეჭრის ფონზე მოლდოვასა და საქართველოს ფინანსურად დაეხმარება.
ბრიტანეთის ცნობით, საგარეო საქმეთა მდივანი, ჯეიმს კლევერლი 2 ქვეყანაში ვიზიტისას გამოაცხადებს დამატებით დაფინანსებას, რაც მოლდოვაში ეკონომიკურ რეფორმებს, ხოლო საქართველოსთვის 2024 წლის არჩევნებზე უსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება.
ბრიტანეთი დამატებით 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოლდოვაში ეკონომიკისა და მმართველობის რეფორმების მხარდასაჭერად, ხოლო საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების უსაფრთხოებისთვის 500 000 ფუნტს გამოყოფს.
"საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისთვის გაერთიანებული სამეფო გამოყოფს 500 000 ფუნტ სტერლინგს, რათა 2024 წელს შეიქმნას თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო გარემო, რომელიც დაცული იქნება გარე ჩარევისგან" - წერია განცხადებაში.
ვიზიტამდე ბრიტანეთის საგარეო მდივანმა განაცხადა, რომ "გაერთიანებული სამეფო გვერდით არ გადგება, სანამ მოსკოვი უხეშად უთხრის ძირს მათ დემოკრატიას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას".
მისი თქმით, მოლდოვა და საქართველო მოწყვლადები არიან, ვინაიდან კრემლის ჰიბრიდული ტაქტიკები, აგრესია და რეგიონზე რუსეთის კონტროლის გაფართოების მცდელობები მათზე გავლენას ახდენს.