დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას სარაკეტო სისტემებს მიაწვდის, რათა დაეხმაროს ქვეყანას თავის დაცვაში რუსეთის წინააღმდეგ.
საგარეო უწყების ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთი უკრაინას M270 ტიპის გამშვებებს მიაწვდის, რომელსაც 80 კილომეტრამდე მანძილზე მდებარე სამიზნეზე დარტყმა შეუძლია, რაც სამინისტროს თქმით, "მნიშვნელოვანი გაძლიერებაა უკრაინის ჯარებისთვის".
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი "მჭიდროდ კოორდინირებულია" შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა მიაწოდოს.
"დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას და აიღო წამყვანი როლი მისი გმირი ჯარისკაცებისთვის იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღის მიწოდებაში, რომელიც საჭიროა მათი ქვეყნის დასაცავად. როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერაც უკრაინის მიმართ. ეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები ჩვენს უკრაინელ მეგობრებს საშუალებას მისცემენ, უკეთესად დაიცვან თავი რუსეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები იყენებენ, რათა გაანადგურონ ქალაქები", - აღნიშნა უოლესმა.
ამასთან, ბრიტანეთის მთავრობაში თქვეს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე წვრთნებს გაერთიანებულ სამეფოში გაივლიან.