logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: 10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინაში, სავარაუდოდ, 80-ზე მეტი რაკეტა ისროლა

16 ოქტ 202210:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/16/0fwose8gbfw3xrv.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 10 ოქტომბერს რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში სავარაუდოდ 80-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა ისროლა,

დაზვერვის ცნობით, ამ თავდასხმაზე ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ეს ქერჩის ხიდის აფეთქებაზე საპასუხო რეაქცია იყო.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული რაკეტების  ნახევარზე მეტი ჩამოაგდეს, თუმცა ათობით მათგანმა კიევამდე და სხვა დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია. რუსეთის თავდასხმების შედეგად დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

დაზვერვის თქმით, ამ თავდასხმით რუსეთს კიდევ უფრო შეუმცირდა სარაკეტო რეზერვი და რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია ამ მარაგების დროულად შევსებას, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს .

„რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას სავარაუდოდ არ შეუძლია მაღალგანვითარებული იარაღის წარმოება იმ ტემპით რა სისწრაფითაც ის მათ იყენებს. ეს თავდასხმები წარმოადგენს რუსეთის შორ მანძილზე სასროლი რაკეტების მარაგების კიდევ უფრო შემცირებას, რაც სავარაუდოდ შეზღუდავს მათ უნარს, რომ მომავალში იმ რაოდენობის სამიზნეებს შეუტიონ რამდენიც სურთ“- განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვამ.

10 ოქტომბერს რუსეთმა საჰაერო იერიში უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მიიტანა. სარაკეტო თავდასხმა კიევის, ჟიტომირის, ლვივის, ვინიცას, კიროვოგრადის, მიკოლაივის, პოლტავას, ტერნოპილის რეგიონებში ისმოდა. რუსული ძალები მიზანმიმართულად აზიანებენ ინფრასტრუქტურას.

ამავე დღეს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსული დაბომბვის შედეგად დედაქალაქისა და კიევის რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა კი მოსახლეობას მოუწოდა, საღამოს 17:00-დან 22:00 საათამდე შეზღუდულად გამოიყენონ ელექტროენერგია.

11 ოქტომბერს მტრის თავდასხმების შედეგად ელექტროენერგიის დეფიციტის გამო რეგიონში შუქი გაითიშა.


close დახურვა