logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: FSB-ს ყოფილი ოფიცერი გირკინი ომში რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებს

21 აგვ 202214:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/21/4yizssdygv7vnvf.jpg

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსი ნაციონალისტი, FSB-ს ყოფილი ოფიცერი და თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის ქმედებებს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს.

„შეჭრის დაწყებიდან იგორ გირკინი, მკაცრი პოლიტიკის მომხრე რუსი, FSB-ს ყოფილი ოფიცერი და თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი მინისტრი, კრემლის მიერ უკრაინაში ომის მართვისადმი მზარდად პირდაპირი კრიტიკოსი გახდა“ - წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 2022 წლის 19 აგვისტოს გირკინმა გამოაქვეყნა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ომის წარმართვის კრიტიკა და შეადარა რუსეთის სიტუაციას, სადაც, გირკინის თქმით "ომის 6 თვის ბოლოს... ისევე როგორც მანამდე, [რუსეთი] სატანკო ბიატლონებით თამაშობს და სამხედრო ბენდების ფესტივალებს მართავს".

რუსეთის საერთაშორისო სამხედრო თამაშები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება. 30-მდე ქვეყანა 2 კვირის განმავლობაში ათობით სხვადასხვა სამხედრო სპორტში ეჯიბრება ერთმანეთს და საბოლოოდ ჩემპიონი ცხადდება. წელს სამხედრო თამაშები 13-27 აგვისტოს იმართება. ე.წ "ომის ოლიმპიადის" მონაწილეთა შორის თვითაღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიცაა. 

სატანკო ბიატლონი საერთაშორისო სამხედრო თამაშების ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შეჯიბრია.

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში რუსი ექსპერტების მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის დანაკარგების ფონზე სამხედრო რესურსების ცერემონიული ღონისძიებებისთვის გამოყოფა მართებული არაა.

იგორ გირკინს 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ კონფლიქტში წამყვანი როლის გამო ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, უკრაინამ, ავსტრალიამ, იაპონიამ და შვეიცარიამ სანქციები დაუწესა.

 

close დახურვა