logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა, შესაძლოა, ირანიდან ასობით ბალისტიკური რაკეტა მიიღოს

10 დეკ 202214:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/10/bk9u6qkk6o19sl0.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, უახლოეს თვეებში რუსეთმა, შესაძლოა, ირანიდან ასობით ბალისტიკური რაკეტა მიიღოს.

"ირანის მხარდაჭერა რუსეთის არმიისთვის, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გაიზრდება, რადგან რუსეთი ცდილობს მიიღოს მეტი იარაღი, მათ შორის ასობით ბალისტიკური რაკეტა", - ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის თქმით, სანაცვლოდ, რუსეთი, სავარაუდოდ, შესთავაზებს ირანს სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას უპრეცედენტო დონეზე.

"რუსეთმა, დიდი ალბათობით, ამოწურა მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების ისკანდერის მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ რუსეთი მიიღებს ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს დიდი რაოდენობით, ის გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე", - განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვამ. 

14 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ათეული ირანული დრონი უკვე გაანადგურეს.

თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".


close დახურვა