logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: ყირიმის ხიდი სრულად, სავარაუდოდ, 2023 წლის სექტემბერამდე ვერ აღდგება

09 ნოე 202213:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/09/lsp9g8k1d88uueq.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ყირიმის ხიდის აღდგენას სავარაუდოდ 2023 წლის სექტემბერში დაასრულებს, ამ დრომდე კი ხიდი სრულად ფუნქციური ვერ იქნება. 

დაზვერვის თქმით, 8 ნოემბერს საგზაო ხიდი დაიხურა, რათა დაზიანებული გზის 64-მეტრიანი მონაკვეთი შეეცვალათ. ბრიტანეთის ცნობით, გზის სრულად აღდგენისთვის დამატებით 3 ამგვარი მონაკვეთის ჩანაცვლებაა საჭირო. 

“მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს დამატებითი მონაკვეთები 20 დეკემბრისთვის დამონტაჟებული იქნება, პრეზიდენტი პუტინისთვის გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გზის სხვა სავალ ნაწილზე სამუშაოები ტრანსპორტის გადაადგილებას ხელს 2023 წლის მარტამდე შეუშლის. დაზიანებული სარკინიგზო ხიდის ჩანაცვლება, კონტრაქტის მიხედვით, 2023 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა რუსეთის ვიცეპრემიერმა განაცხადა, რომ აღდგენის დრო დაჩქარდება.” - აცხადებს დაზვერვა. 

ბრიტანეთის უწყების თქმით, ამ დროისთვის ერთი გზა გახსნილია, თუმცა სარკინიგზო მოძრაობა კვლავ შეზღუდულა, აღდგენითი სამუშაოების გაგრძელება და სიჩქარე კი დიდწილად ზამთრის თვეებში ამინდზე იქნება დამოკიდებული. 

დაზვერვის ცნობით, ყირიმის ხიდზე თავდასხმამ რუსეთს ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში ლოგისტიკური მარაგების მიწოდებაში ხელი შეუშალა - შეამცირა რუსეთისთვის რკინიგზით სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედროების გადაყვანის შესაძლებლობები. 

“ხიდზე მიყენებული ზიანი, სევასტოპოლში ახალი თავდასხმა შავი ზღვის ფლოტზე და ხერსონიდან შესაძლო გასვლა - ეს ყველაფერი რუსეთის ხელისუფლებას ურთულებს შესაძლებლობას, რომ სამხედრო წარმატების სურათი დახატოს” - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც. რუსეთის ცნობით, აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

ხიდის მშენებლობა, რომელიც ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს აკავშირებს ერთმანეთთან, ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაიწყეს. 2018 წელს ხიდზე საავტომობილო გზა გაიხსნა, ხოლო 2019 წელს მატარებელმა დაიწყო გადაადგილება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა. რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ხიდს მალე აღადგენდნენ.

ხიდის აფეთქებაში ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებამ უკრაინა დაადანაშაულა. ე.წ. პარლამენტის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ გზა "უკრაინელმა ვანდალებმა" დააზიანეს. უკრაინის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ. 

ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ღონისძიებების ორგანიზებისა და კოორდინაციის უფლებამოსილება FSB-ს მიენიჭა. ოკუპანტებმა ასევე გააძლიერეს რუსეთის ენერგო-ხიდის ელექტროენერგიის ქსელის დაცვა.

გარდა ამისა, კრემლმა ანექსირებულ ყირიმში ტერორისტული საფრთხის მაღალი (ყვითელი) დონე შემოიღო, რომელიც 23 ოქტომბრამდე მოქმედებდა.

12 ოქტმბერს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე "ტერორისტული აფეთქების" სქემა და მასში მონაწილეები ამოიცნო. FSB-ის თქმით, ხიდის აფეთქებაში საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის პრეს სპიკერმა ყირიმის ხიდზე აფეთქების შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ტერორისტულ თავდასხმის" სქემაზე პასუხისმგებელი უკრაინის სადაზვერვო დირექტორატია, "სისულელე" უწოდა.

14 ოქტომბერს რუსეთმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის აღდგენას 2023 წლის ივლისისთვის გეგმავს.

17 ოქტომბერს კი ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლოგისტიკური პრობლემები, რომლებსაც რუსული ძალები სამხრეთ უკრაინაში აწყდებიან, ქერჩის ხიდის დაზიანების შემდეგ, სავარაუდოდ, უფრო გამწვავდა.

ბრიტანეთის უწყება მიუთითებდა, რომ ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა, გარკვეულწილად, შესაძლებელია, თუმცა გადასასვლელთან სატვირთო მანქანების დიდი რიგი რჩება.

მათივე თქმით, ქერჩის ხიდის შემცირებული ქმედუნარიანობა დასაბალანსებლად, სამხრეთში მოქმედი რუსული ძალები, დიდი ალბათობით, მარიუპოლის გავლით ზრდიან ლოგისტიკის მიწოდებას.

 

close დახურვა