ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ, რუსები არ გამორიცხავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ გარღვევას.
"რუსული ძალები ხერსონის ოლქში, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან უკან დახევის შემდეგ, ხელახლა ძლიერდებიან. ზოგიერთი მათგანი, სავარაუდოდ, სამხრეთში დარჩება, ნაწილი შესაძლოა, ბახმუტში გადავიდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
დაზვერვის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ ხერსონის ოლქში, დნეპრის მარჯვენა სანაპირო დატოვა, რუსული ჯარები, პირველ რიგში, უკრაინის ფრონტის ხაზის გასწვრივ, უმთავრესად დაკავებული არიან გადაჯგუფებითა და თავდაცვითი ხაზების მომზადებით.
11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს.
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.