logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდით, რუსეთი ტოკმაკზე უკრაინული შეტევისთვის ემზადება

17 სექ 202311:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/17/za9cy52tik8rh3z.jpg

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, რუსებმა გააძლიერეს საკუთარი თავდაცვა სამხრეთ უკრაინაში მდებარე ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკში - არსებული ინფორმაციით, ეს ტერიტორია ამჟამინდელი ფრონტის ხაზიდან 16 კილომეტრით არის დაშორებული.

უწყების ვარაუდით, იმ არეალში, რომელსაც რუსეთის 58-ე საბრძოლო არმია აკონტროლებს, ოკუპანტები, დიდი ალბათობით, დამატებით საგუშაგოებსა და თხრილებს განათავსებენ. ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ტოკმაკი რუსეთის მეორე მთავარი თავდაცვითი ხაზი ხდება, რაც, სავარაუდოდ, პირველი მთავარი თავდაცვით ხაზთან დაკავშირებით რუსეთის მზარდ შეშფოთებას უკავშირდება.

ამასთან, როგორც 16 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვა წერდა, რუსეთი, სავარაუდოდ, ზამთარში უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს შეუტევს და ამისთვის საკრუიზო ფრთოსანი რაკეტების შევსებულ მარაგს გამოიყენებს - ღია წყაროების ვარაუდით, 2023 წლის აპრილის შემდეგ, ALCM-ისთვის გამოყოფილი ხარჯები შემცირდა, თუმცა რუსეთი, სავარაუდოდ, მოახერხებს ALCM-ების რეზერვის შევსებას, რის გამოც, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ზამთარში ამ იარაღს კვლავ გამოიყენებენ უკრაინული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.


close დახურვა