დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და გმობს ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკი და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას.
ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ევროპული ღირებულებებისგან დაშორებული მავნე ტრაექტორია.
"საქართველოში ხალხი ნათლად გამოხატავს, რომ ეწინააღმდეგება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის შემდგომი მოძრაობა ევროპული მომავლისკენ, რაც პირდაპირ უთხრის ძირს საქართველოს კონსტიტუციას.
მე ვგმობ ბოლო დღეების განმავლობაში ჟურნალისტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკი და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას. როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღნიშნა, ეს შეკრების თავისუფლების უფლების სერიოზული დარღვევაა.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოისმინოს, განმუხტოს ეს სიტუაცია და შეცვალოს ევროპული ღირებულებებისგან დაშორებული თავისი მავნე ტრაექტორია. დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებისგან დაშორებული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ საქართველოს რეპუტაციას დააზარალებს, ასევე ძირეულად დააზიანებს ურთიერთობებს საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან", - აცხადებს სტივენ დოუტი.