დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან 48 საათზე ნაკლებ დროში მინისტრი ჯონ ჰილი ოდესაში ჩავიდა და უკრაინას მხარდაჭერის გაძლიერებას დაჰპირდა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც მოიცავს როგორც საარტილერიო დანადგარებს, ასევე საბრძოლო მასალასა და მაღალი სიზუსტის რაკეტებს.
ვიზიტის დროს, რომელიც დაემთხვა უკრაინის საზღვაო ძალების დღის აღნიშვნას, თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთის ახალი მთავრობა გააძლიერებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
"მთავრობაში ცვლილებებია, მაგრამ დიდი ბრიტანეთი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში. როგორც თავდაცვის ახალი მინისტრი, გარანტიას ვიძლევი, რომ ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდების გაზრდით. ეს მთავრობა მტკიცეა თავის ვალდებულებაში, გააგრძელოს სამხედრო დახმარების გაწევა და გვერდში დაუდგეს უკრაინელ მეგობრებს იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება", - თქვა მან.
ჯონ ჰილმა ასევე დაავალა მთავრობის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ, რომ უკრაინისთვის აპრილში დაპირებული სამხედრო პაკეტის გადაცემა დაჩქარდეს და მომდევნო 100 დღის განმავლობაში სრულად მოხდეს მისი მიწოდება.
კერძოდ, საუბარია პაკეტზე, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა და რომელიც მათ შორის, Storm Shadow-ის ტიპის მაღალი სიზუსტის ფრთოსან რაკეტებს მოიცავს.