logo
ENG



ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა რუსმა მილიარდერმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

01 ნოე 202210:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/01/4f7i544ulouolhv.jpg

ოლეგ ტინკოვმა, ერთ-ერთმა პირველმა რუსმა მილიარდერმა, რომელმაც ომი გააკრიტიკა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. Tinkoff ბაკის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მას ამ ქვეყანასთან ასოცირება არ სურს.

"არ შემიძლია და არ ვიქნები ასოცირებული ფაშისტ ქვეყანასთან, რომელმაც თავის მშვიდობიან მეზობელთან დაიწყო ომი. ჩემთვის სირცხვილია, რომ ამ პასპორტს ვფლობდე [...] იმედი მაქვს, რომ ბევრი ცნობილი რუსი ბიზნესმენი გამომყვება და ეს პუტინის რეჟიმსა და მის ეკონომიკას დაასუსტებს", - დაწერა მან.

ტინკოვი პირველი რუსი ოლიგარქი არ არის, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო - არაერთი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა იყოს არა მხოლოდ პრინციპული განაცხადი, არამედ სანქციების არიდების ან პოტენციური ბიზნეს პარტნიორების შენარჩუნების მცდელობა.

რუსი მილიარდერი ომის დაწყების პირველ თვეებში ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამას ეწინააღმდეგება. ის Instagram-ზე წერდა, რომ ადამიანების სიკვდილი მიუღებელი და წარმოუდგენელია. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ომის გაკრიტიკების შემდეგ, კრემლმა მას მისი დაფუძნებული ბანკის წილების გაყიდვა აიძულა.

მანამდე რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა ნიკოლაი სტორონსკიმ - 38 წლის ბიზნესმენმა, რომელიც ლონდონში მოქმედი სტარტაპის Revolut Ltd.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ბლუმბერგის ინდექსით, მისი ქონება 6,7 მილიარდი დოლარია.

ამის შესახებ ისაუბრა მილიარდერმა იური მილნერმაც და თქვა, რომ მისი მოქალაქეობა აგვისტოში დათმო. 10 ოქტომბერს მან დაწერა, რომ რუსეთი მის ოჯახთან ერთად 2014 წელს ყირიმის ანექსირების შემდეგ "სამუდამოდ დატოვა".


close დახურვა