დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი დღეს პოლონეთს ეწვევა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიღებისკენ, ასევე სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეების მკაცრი მიდგომა, უკრაინის მხარდაჭერის გასაძლიერებლად, მოლაპარაკებების პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - აცხადებს ლიზ ტრასი.
როგორც ბრიტანეთის საგარეო უწყების ოფისში განაცხადეს, ლიზ ტრასი ვარშავაში უკრაინელ და პოლონელ კოლეგებს, დმიტრო კულებასა და ზბიგნევ რაუს შეხვდება.
გარდა ამისა, ლიზ ტრასს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც დახმარებას უწევენ უკრაინელ ლტოლვილებს.
ცნობისთვის, რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ქვეყანამ რუსეთის ყველა დიდი ბანკის აქტივები გაყინა, ამასთანავე, ეს ბანკები დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან გათიშა. დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხო რუსული ინდუსტრიებისა და ელიტების წარმომადგენლებსაც, მათ შორის რუსული პროპაგანდისტული ტელეკომპანიების წარმომადგენლებს.