logo
ENG



ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოახდინონ შემდგომი ძალადობის პრევენცია

05 ივლ 202115:32
3 წუთის საკითხავი
 

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში რუსთაველის ქუჩაზე პრორუსული და აგრესიული ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, მოახდინონ ძალადობის პრევენცია. 

"თვალყურს ვადევნებთ თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ძალადობა, მუქარა ლგბტქ+ ადამიანებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმას, რაც აზიანებს სტუმართმოყვარე და ტოლერანტული ქვეყნის რეპუტაციას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოახდინონ შემდგომი ძალადობის პრევენცია და დაიცვას ინდივიდუალური პირების კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები". - აცხადებს ბრიტანეთის საელჩო. 

დილიდან ქუჩაში გამოსული მოძალადეები შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდება.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, მსვლელობა დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაწყებულიყო. 

თუმცა, რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გამო თბილისი პრაიდმა ღირსების მარში გადადო. 

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. 

თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და არ აღკვეთა ძალადობა. 

შედეგად, დაშავდა ათობით ჟურნალისტი. თუმცა, არავინ დაუკავებიათ. 

თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია.

მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

მედიაზე ძალადობა ამ დრომდე გრძელდება. 


close დახურვა