logo
ENG



ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი დეივიდ კემერონი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

14 ნოე 202308:53
3 წუთის საკითხავი
 

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი დეივიდ კემერონი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. როგორც კემერონმა განაცხადა, მას "მძიმე მომენტში" რიში სუნაკის მხარდაჭერა სურს.

კემერონმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ჯეიმს კლევერლი ჩაანაცვლა, რომელიც სუელა ბრავერმანის გათავისუფლების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა.

კემერონმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრისთვის დაბრუნება "უჩვეულოა". მაგრამ იგი იმედოვნებს, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყანა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში "შემაძრწუნებელი გამოწვევების" წინაშე აღმოჩნდა, მისი გამოცდილება სასარგებლო იქნება სუნაკის მთავრობისთვის.

"გადავწყვიტე შემოვუერთდე ამ გუნდს, რადგან მიმაჩნია, რომ რიში სუნაკი კარგი პრემიერმინისტრია, რომელიც მძიმე დროში რთულ სამუშაოს ასრულებს", - თქვა კემერონმა.

მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ დეივიდ კემერონი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ესაუბრა და განიხილეს "კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ისრაელის თავდაცვის უფლება და ჰუმანიტარული პაუზების საჭიროება", ასევე უკრაინის მხარდაჭერა.

ბრავერმანის გათავისუფლებამ ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში გადანაცვლებები გამოიწვია. ყოფილმა მინისტრმა ლონდონის პოლიცია საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

1970-იანი წლების შემდეგ კემერონი გახდა პირველი ყოფილი პრემიერმინისტრი, რომელიც მთავრობაში დაბრუნდა.


close დახურვა