დიდმა ბრიტანეთმა დაბლოკა გაეროს შეხვედრის ინტერნეტ ტრანსლაცია, რომელშიც რუსეთის ბავშვთა კომისარი, მარია ლვოვა-ბელოვა მიიღებს მონაწილეობას.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. რომის სტატუტის რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი.
რუსეთმა არაფორმალური შეხვედრა დანიშნა, რათა განიხილონ ომის ზონიდან უკრაინელი ბავშვების "ევაკუაცია".
"მას არ უნდა მიეცეს გაეროს პლატფორმა დეზინფორმაციის გასავრცელებლად, თუ მარია ლვოვა-ბელოვას სურს ანგარიშის გაცემა თავისი ქმედებების შესახებ, მას შეუძლია ამის გაკეთება ჰააგაში."- წერს გაეროში გაერთიანებული სამეფოს მისია.
რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ: "[დასავლეთის ქვეყნები], რა თქმა უნდა, ამჯობინებენ გააგრძელონ სიცრუისა და სიყალბის გავრცელება უკრაინიდან რუსეთის მიერ "ბავშვების სავარაუდო მოპარვის" შესახებ. ჩვენი შეხვედრა საფრთხეს უქმნის ამ ცრუ თხრობას და, შესაბამისად, ეს ყველაფერი მათ ყელში ძვალს ჰგავს."
მან ასევე თქვა, რომ რუსეთი ამიერიდან დაბლოკავს გაეროს ვებ-მაუწყებლობას ყველა მსგავსი შეხვედრის შესახებ, "დიდი ბრიტანეთის ცენზურის პუნქტის" მოტივით.
ბრიტანეთმა ასევე განაცხადა, რომ მისი ელჩი არ დაესწრება შეხვედრას.
სხდომა გაეროში რუსეთის მისიის თანახმად, დღეს გაიმართება. ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, ვირტუალურად ჩაერთვება.
რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა 1 აპრილს აიღო.