logo
ENG



ბრიტანეთმა რუსეთის დელეგაციას, რომელიც ეუთოს სესიაზე მიემგზავრებოდა, ვიზებზე უარი უთხრა

22 ივნ 202214:08
3 წუთის საკითხავი
clock 444
2022/06/22/e2ekvmjs073q9o6.jpg

ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთის დელეგაციას, რომელიც ეუთოს (OSCE) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე დასასწრებად ბირმინგემში მიემგზავრებოდა, ვიზებზე უარი უთხრა.

ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეზე, ვლადიმირ ჯაბაროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯაბაროვის თქმით, სანქციების გათვალისწინებით რუსეთის ხელისუფლებამ სცადა ბრიტანეთისგან მიეღო გარანტიები, რომ დელეგაცია ვიზებს მიიღებდა, თუმცა ბრიტანეთისგან უარი მიიღო.

„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერალური ასამბლეის ყველა წევრი დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაშია, ჩვენ მყისიერად მივმართეთ ასამბლეის ხელმძღვანელობას, ისევე როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გაერკვიათ და გადაეჭრათ ეს საკითხი და ბრიტანეთის მხარისგან მიეღოთ გარანტიები ჩვენი პარლამენტარებისთვის დიდ ბრიტანეთში შესასვლელი ვიზების გაცემაზე, რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ ამ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში.

სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ აღმაშფოთებელი პასუხი, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას არ შეუძლია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი რუსეთის დელეგაციისთვის ვიზა გასცეს, განურჩევლად ნებისმიერი მიზეზისა, რის გამოც ისინი ქვეყანას [დიდ ბრიტანეთს] ეწვევიან“ - განაცხადა ჯაბაროვმა.

მისი თქმით, ეუთოს 2016 წლის საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის მიხედვით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წვდომა ეუთოს ნებისმიერ ოფიციალურ ღონისძიებაზე. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ქმედება დისკრიმინაციულია.

ჯაბაროვის ცნობით, რუსეთის დელეგაციამ ასამბლეის წევრებს გაუგზავნა განცხადება, რომ რუსეთის დელეგაციისთვის სესიაში მონაწილეობის ხელშეშლა „სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებს თავად ღონისძიებისა და მთელი ორგანიზაციის და სესიაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილების სანდოობას, მათ შორის საბოლოო დეკლარაციისაც, რომელიც ჩვენს გარეშე მიიღება ჩვენ მას ლეგიტიმურად არ ვცნობთ“.

 

close დახურვა