logo
ENG



ბრიტანეთში 175 დღიანი ლოკდაუნის შემდეგ საკარანტინო შეზღუდვების მოხსნა დაიწყო

13 აპრ 202111:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/13/knpf040xylg6gzt.png
The New York Times

175 დღიანი მკაცრი შეზღუდვების შემდეგ ინგლისის მოსახლეობას პაბებით, სილამაზის სალონებით, მაღაზიებით და სავარჯიშო დარბაზებით კვლავ სარგებლობის შესაძლებლობა აქვს, შოტლანდიასა და უელსში კი დახურულ და ღია სივრცეებში სადილობის უფლება მოსახლეობას 26 აპრილიდან ექნება. 

ხელისუფლების პროგნოზით, შეზღუდვები სრულად 21 ივნისს მოიხსნება, რაც ვაქცინაციის წარმატებულ კამპანიას უკავშირდება - ბრიტანეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული. კორონავირუსის ახალი, ბრიტანული შტამის გავრცელებას ხანგრძლივმა ჩაკეტვამაც შეუშალა ხელი. 

თუმცა ეკონომიკური საქმიანობის ხალნგრძლივად შეზღუდვას მომსახურების სფეროში არსებული ბიზნესის ნაწილი ვერ გადაურჩა, დაახლოებით 2 000-მდე პაბი სამუდამოდ დაიხურა, 4 000-მდე სალონთან ერთად. ამის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლებს გახსნის შედეგად ეკონომიკის სწრაფი ზრდის მოლოდინი აქვთ, ბრიტანეთის ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2021 წლის დასასრულს ბრიტანეთის ეკონომიკა 2019 წლის მდგომარეობას დაუბრუნდება. 

მკაცრი შეზღუდვების ხანგრძლივობა კორონავირუსის ბრიტანულმა შტამმა განაპირობა, რომელიც მის ორიგინალ ვარიანტზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა დღემდე ავტორიზებული ვაქცინების უდიდესი უმრავლესობა ბრიტანული შტამის მიმართ იმდენადვე ეფექტურია, რამდენადაც გლობალურად გავრცელებული Covid19-ის მიმართ. 

ევროპის სხვა ქვეყნებში კი შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. იტალიის ხელისუფლებამ ხანგრძლივი ლოკდაუნის შემდეგ მაღაზიებს გახსნის შესაძლებლობა მისცა, თუმცა საქალაქთაშორისო გადაადგილება მკაცრად შეზღუდულია, ქალაქებში კი 22:00 საათიანი კომენდანტი მოქმედებს. საფრანგეთში მესამე ლოკდაუნის შემდეგ სამი კვირით დაიხურა სკოლები და ბაღები, გადაადგილება კი 19:00 საათიდან არის შეზღუდული. 

რაც შეეხება გერმანიას, კორონავირუსის ბრიტანული შტამის გამო, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა, კანცლერი ანგელა მერკელი კი მკაცრი ეროვნული ლოკდაუნის საჭიროებაზე კვლავ ალაპარაკდა. 


close დახურვა