ბრიტანეთში უკრაინის ელჩის ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი უკრაინაში მალე გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.
"ჩვენი პრემიერმინისტრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თარიღების განხილვას არ ვაპირებთ, მაგრამ ის უკრაინაში მალე ჩამოვა", - განაცხადა მან.
მანამდე პრისტაიკომ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ სუნაკმა პირველ რიგში უკრაინის პრეზიდენტს დაურეკა, რომლის დროსაც შეთანხმდნენ, რომ ის უკრაინაში ვიზიტს განახორციელებდა. ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა სუნაკმაც და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.
დიდი ბრიტანეთი უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი რამდენჯერმე იმყოფებოდა კიევში. მომდევნო პრემიერმინისტრ ლიზ ტრასსაც, რომელიც ომის დაწყებისას საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, არაერთხელ დაუდასტურებია უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ერთგულება მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.