logo
ENG



ბრიტანელი ჟურნალისტი ენდრიუ ნორთი და მისი კოლეგები თალიბანის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ

13 თებ 202215:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/13/d07cx31as90x148.jpg

BBC–ის ყოფილი ჟურნალისტი ბრიტანელი ენდრიუ ნორთი და მისი კოლეგები, რომლებიც თალიბანმა ქაბულში ერთი კვირის წინ დააკავა, გათავისუფლდნენ. ენდრიუ ნორთის მეუღლე, ნატალია ანთელავა, რომელიც ასევე BBC–ის ყოფილი ჟურნალისტია, ტვიტერზე წერს, რომ ჟურნალისტები სახლში ბრუნდებიან.

"ერთ კვირაში, მას შემდეგ რაც ენდრიუ მაქქონელი და ენდრიუ ნორთი თალიბანმა დააკავა, ისინი საბოლოოდ სახლში ბრუნდებიან. ისინი ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესებასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ. მათი სამი მამაცი ავღნელი კოლეგაც სახლშია. ხუთივე მათგანი თავს კარგად გრძნობს და თქვენი მხარდაჭერის მადლიერია" – წერს Coda Story–ს დამფუძნებელი ნატალია ანთელავა ტვიტერზე.

გამოცემა guardian წერს, რომ თალიბანმა ჟურნალისტები მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მათი დაკავების გამო დიდი საერთაშორისო წნეხი იგრძნო.

თალიბანმა ქაბულში ბრიტანელი ჟურნალისტი ენდრიუ ნორთი, კიდევ ერთი უცხოელი და რამდენიმე მათი ავღანელი კოლეგა რამდენიმე დღის წინ დააკავა.

"გაეროს მიგრანტთა სააგენტოს დავალებით მომუშავე ორი ჟურნალისტი და მათი ადგილობრივი კოლეგები ქაბულში დააკავეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სიტუაციის გამოსასწორებლად და ვთანამშრომლობთ სხვებთანაც. 

სიტუაციის ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ." – წერდა ტვიტერზე გაეროს მიგრანტთა სააგენტო.

ენდრიუ ნორთის მეუღლემ ჟურნალისტმა ნატალია ანთელავამ, რომელიც ასევე BBC–ში მუშაობდა დახმარება თხოვა ყველას ვისაც ჰქონდა რაიმე გავლენა და თქვა, რომ ენდრიუ ნორთი ავღანეთში გაეროს მისიით ხალხის დასახმარებლად იმყოფებოდა.

როგორც გამოცემა guardian წერდა, მას შემდეგ რაც თალიბანმა ქაბული დაიკავა ავღანელი ჟურნალისტების დაკავებისა და ცემის არაერთი შემთხვევა იყო, თუმცა უცხოელი ჟურნალისტები პირველად მიმდინარე კვირაში დააკავეს.


close დახურვა