დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ 27 მაისისთვის რუსეთის ჯარმა თითქმის მთლიანად დაიკავა ქალაქი ლიმანი, რომელიც დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
ბრიტანეთის განცხადებით, ეს, სავარაუდოდ, დონბასში რუსეთის შეტევითი ოპერაციის წინა ეტაპია.
ლიმანს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აქ მდებარეობს მთავარი სარკინიგზო კვანძი, ასევე, იძლევა წვდომას მნიშვნელოვან სარკინიგზო და საგზაო ხიდებზე სევეროდონეცკის მდინარეზე.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვა წერს, რომ უახლოეს დღეებში რუსული შენაერთები სავარაუდოდ პრიორიტეტს მიანიჭებენ მდინარის გადაკვეთას.
ამ დროისთვის რუსეთის ძირითადი ძალისხმევა რჩება აღმოსავლეთში, სევეროდონეცკის ჯიბის მიმდებარედ, 40 კილომეტრში. მაგრამ ლიმანთან არსებული ხიდი რუსეთს შემდეგ ფაზაში წინსვლის საშუალებას მისცემს, როცა ის შეეცდება, შეუტიოს საკვანძო ქალაქებს დონეცკის ოლქის ცენტრალურ ნაწილში - სლოვიანსკსა და კრამატორსკში.
2022 წლის 26 მაისს დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა რუსეთის სამთავრობო მედიას უთხრა, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, თუ რუსეთი დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონებს მთლიანად დაიპყრობს.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის შეფასებით, თუ რუსეთი ამ რეგიონში წარმატებას მიაღწევს, ეს კრემლის მიერ პოლიტიკურ მიღწევად შეფასდება, რუსი ხალხისთვის კი წარმოჩინდება, როგორც უკრაინაში შეჭრის გამართლება.
თუმცა, უკრაინული შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კარგად ორგანიზებულ დაცვას და რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.