დამფუძნებლებმა სამართლებრივი დავა „რუსთავი 2-ის“ საკონტროლო პაკეტის დასაბრუნებლად დაიწყეს. მოპასუხე ქიბარ ხალვაშა, კომპანიის ამჟამინდელი მესაკუთრე, რომელმაც დამფუძნებლების თქმით, 2004 წელს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს კომპანია პოლიტიკური ზეწოლითა და ორგანიზებული შეტევის გზით დაათმობინა.
„რუსთავი 2-ის“ წილების შესაძლო გასხვისების საფრთხე საქალაქო სასამართლომაც დაინახა. განჩინებაში, რომელიც მხარეებს დღეს ჩაბარდათ, წერია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, სწორედ ამიტომ მოსამართლის გადაწყვეტილებით ქიბარ ხალვაშს 60-პროცენტიანი წილის გასხვისება დავის დასრულებამდე აეკრძალა.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორისა და ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, დვალი-აქიმიძის სარჩელი ხანდაზმულია. წილების გადაფორმების შესახებ გარიგება 2004 წელს დაიდო, ამიტომ პაატა სალია ამტკიცებს, რომ ათვლა ამ წერტილიდან უნდა დაიწყოს და ამ საქმეს 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული აქვს.
დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი, კახა კოჟორიძე ამტკიცებს, რომ მათი სარჩელი თავიდან ბოლომდე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს ეფუძნება.
მედიაკოალიციის წარმომადგენელთა აზრით, საქმის წარმოება უნდა გაგრძელდეს.
„წარმოება უნდა გაგრძელდეს და გადაწყდეს მომჩივანის სასარგებლოდ, რადგან, თავის დროზე, ამჟამინდელმა მფლობელმა სწორედ ამ მუხლით მოიგო საქმე და ის, ფაქტობრივად, თავად ადასტურებს იმას, რასაც დამფუძნებლები ამბობენ“ - აცხადებს ნათია კუპრაშვილი.
2012 წლიდან „რუსთავი 2-ის“ წილების შესაძლო იძულებით დათმობის შესახებ გამოძიებას აწარმოებს მთავარი პროკურატურა. ამ საქმეზე დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დაზარალებულის სტატუსიც მინიჭებული აქვთ. 7-წლიანი გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია.