logo
ENG



ბუაძე: ჩვენ აუცილებლად ნებისმიერი სისტემით ვაჩვენებთ ამ ხელისუფლებას გზას კარებისაკენ

17 ნოე 201913:21
3 წუთის საკითხავი
 
t39ndqbsj6njf3t.png

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ შეუერთდა მოძრაობა  დღეს 15:00 საათზე დაგეგმილ მასშტაბურ აქციას. ბუაძის თქმით,  „ლელოს“ მთავარი მიზანია, გვერდზე დაუდგეს იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მოახერხა დაეყოლიებინათ ხელისუფლება საარჩევნო სისტემის შეცვლაზე. 

 „ლელო პირველ რიგში ჩაერთო ამ მასშტაბურ პროტესტში, იმიტომ რომ გვერდზე დაუდგეს იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მოახერხეს, რომ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე დაეყოლიებინათ ხელისუფლება და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ უკვე მერამდენედ მოგვატყუა. დიტო ხუნდაძე, რომელიც წლების განმავლობაში მმართველი პარტიის ხელმძღვანელს წნევას უზომავდა და სიცხეს უზომავდა, ეს ადამიანი დღეს და სხვები გვეუბნებიან, რომ აჯანყდნენ და წავიდნენ მმართველი პარტიის კურსის წინააღმდეგ და უარი თქვეს პროპორციულ სისტემაზე, ეს არი ტყუილი და ჩვენ ამ ტყუილს არცერთი წუთით არ ვიჯერებთ. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ცივილიზებულ ფორმატზე ხელისუფლება აღარ არის თანახმა და ჩვენ გვიწევს, რომ ვილაპარაკოთ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე, ვილაპარაკოთ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც ძალიან მწვავედ დაგროვდა  ამ ხელისუფლების პირობებში, დღეს გვიწევს რომ ვისაუბროთ იმაზე, რაც არის ელემენტარული და ვილაპარაკოთ დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტებზე და გამოწვევებზე, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას", - განაცხადა ბუაძემ.

მოძრაობის წევრი საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს, მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იფიქროს იმაზე თუ რა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი.

„მოვახერხოთ და ერთხელ მაინც ვიყოთ ერთიანები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალის მიმართ გვაქვს კრიტიკული შენიშვნები. მოგეხსენებათ „ლელო“ წინააღმდეგი არის იმ ორპარტიული დიქოტომიისა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების მიერ არის დამკვიდრებული, თუმცა ჩვენ მაინც ვახერხებთ, რომ ვიდგეთ პირველ რიგში, საზოგადოების გვერდით და არა რომელიმე პოლიტიკოსის გვერდით, ამიტომ ყველას ვთხოვ, არ იფიქრონ იმაზე, ვის გვერდზე იდგებიან, იფიქრონ იმაზე, რა არის ქვეყნისთვის უკეთესი და დავიცვათ ერთად 20 ივნისის მონაპოვარი, ის მონაპოვარი, რომელიც მაკო გომურისა და სხვა შესანიშნავი ახალგაზრდის ჯანმრთელობის ფასად დადგა“, -  განაცხადა ბუაძემ.


close დახურვა