logo
ENG



ბუაძე ლაგუნა ვერეს ცათამბჯენებზე: თბილისელებს წინასაახალწლოდ უმძიმესი დღე მოუწყვეს

28 დეკ 202317:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/28/rcq45gq1we16xt4.jpg

საკრებულოს წევრი, საბა ბუაძე "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ ცათამბჯენების პროექტი დამტკიცებას ეწინააღმდეგება. დღეს, თბილისის საკრებულომ მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი მიიღო, რომელიც ორი 50-მეტრიანი ცათამბჯენის მშენელობას ითვალისწინებს. 

"თბილისელებს წინასაახალწლოდ უმძიმესი დღე მოუწყვეს კალაძემ და ივანიშვილმა. საკუთარი კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე, არანაირი რაციონალური, მეცნიერული არგუმენტი მათ არ აინტერესებთ, ნახეთ, რომ მაინც დაამტკიცეს ეს კატასტროფული პროექტი, რომელიც არის მარგალიტი და სახე-ხატი იმ ურბანული გენოციდისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს", - თქვა ბუაძემ გადაცემა ფორმულას დღეში.

2023 წლის იანვარში ოპოზიციონერმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე, ქართუ ბანკის საკუთრებაში არსებული აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65-სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმებოდა.

ამ ინფორმაციაზე პასუხად თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე რეაბილიტაციის შემდეგ, ინფრასტრუქტურა და აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა მთლიანად შენარჩუნდებოდა.

ამავე წლის, აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ქართუ ფონდმა "ლაგუნა ვერე" გაყიდა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.

კომპანიის განმარტებით, "ლაგუნა ვერეს სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება" და დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა.

"ნეო სითი დეველოპმენტის" 100%-იანი წილის მფლობელი ენმ-ის ყოფილი დეპუტატი, მარიკა ვერულაშვილია. ვერულაშვილმა ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის არჩევნებისა და ხელისუფლების შეცვლიდან მალევე დატოვა.


close დახურვა